kaxeTis mxare  
  

 

 

gurjaanis municipaliteti
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გურჯაანი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია. 2006 წლიდან მუნიციპალიტეტია.

istoria

გურჯაანი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, აღმოჩენილია ქვის ხანის ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. სახელ გურჯაანს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ - ქართველთა სადგომს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ჰერეთის ფარგლებში იყო და ვეჯინის საერისთავოში შედიოდა. XV საუკუნის 70-იანი წლებიდან, კახეთში საერისთავოების გაუქმების შემდეგ, აქ რამდენიმე სამოურავო იყო (ვეჯინის, ველისციხის, კალაურის, შაშიანის, ახაშნის, ჯიმითის, ჩუმლაყის და სხვა).

administraciuli mowyoba

გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი გურჯაანი. გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია). რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.

მუნიციპალიტეტში გაერთიანებულია 24 ადმინისტრაციული ერთეული. ეს ადმინისტრაციული ერთეულებია:

  • ქ. გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ვაჩნაძიანისა და სოფელ კახიფარის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ კალაურის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ შაშიანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ვაზისუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ მუკუზნისა და სოფელ ზეგაანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ველისციხის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ახაშნის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ჭანდრის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ კოლაგის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ბაკურციხის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ კარდენახის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ჩალაუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ მელაანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ნანიანის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ არაშენდის, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩეთის, სოფელ ზიარისა და სოფელ ფხოველის ადმინისტრაციული ერთეული;
  • სოფელ ჭერემის ადმინისტრაციული ერთეული.

geografia

გურჯაანის მუნიციპალიტეტს საზღვრავს 5 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი. დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით თელავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ყვარლის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. კახეთის მხარის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტი ყველაზე პატარა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. მისი ფართობია 846,0 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 39 430 ჰა უკავია, ხოლო ტყით დაფარული საერთო ფართი შეადგენს 27 730 ჰა-ს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გურჯაანი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზე იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4 °C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9 °C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი - 23.6 °C. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა ტერიტორიის დიდ ნაწილში 800 მმ-მდეა, ხოლო ზეგნისკენ 500-600 მმ-მდე მცირდება. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალაზანი, მცირეწყლიანი მოკლე შენაკადებით (ჭერმისხევი, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა და სხვა).

reliefi

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რელიეფი მის უდიდეს ნაწილში დაბალმთიანია, ზოგან არის საშუალმთიანი რელიეფიც. ტერიტორიის ძირითადი სიმაღლე მერყეობს 300-450 მეტრიდან 850-1000 მეტრამდე. მუნიციპალიტეტი მდინარე ალაზნის აუზში ვრცელდება. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია გომბორის საშუალდაბალმთიანი ქედი. გომბორის ქედი აქ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იჭრება. იგი აგებულია ცარცული და ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, კონგლომერატებითა და ტუფოგენური დანალექი წყებებით. ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიური ფორმაციაა ე.წ. ცივის წყება, რომლის ჯამური სიმძლავრე თითქმის 2000 მ-ია. გომბორის ქედის ჰიდროგრაფიული ქსელი უმეტესწილად მცირეწყლიანია. ძირითადად დანაწევრებულია ხშირი ხევ-ხეობების ქსელით. მასზეა მთები: ცივი, მანავისცივი, გომბორი, ვერონა, კოდა, ჟატისმთა, მთავარი მოწყალე, ტბისწვერი, ხარისთავი და ა.შ. გადასასვლელებიდან აღსანიშნავია ჩალაუბნის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 750 მ). გურჯაანის მუნიციპალიტეტის გარეთ გომბორის ქედი თანდათანობით დაბლდება, ბორცვნალ სერად იქცევა და უერთდება ივრის ზეგანს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება ივრის ზეგნის მონაკვეთი. იგი აგებულია ძირითადად ნეოგენურ მეოთხეული თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. მას ახასიათებს ვაკე-ბორცვიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის ზეგანი წარმოადგენს ტალღოვან ვაკეს, რომლის სიმაღლე 400-500 მეტრია. აქ ზეგნის კალთები მშრალი ხევ-ხეობებით არის დანაწევრებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვრცელდება ალაზნის მთათაშორისი ვაკე. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის სიგრძე დაახლოებით 32 კმ-ია, სიგანე კი 13-14 კმ, სიმაღლე 380 მ-იდან 450 მ-დე. იგი აგებულია მეოთხეული თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით. ვაკის ჩამოყალიბება დაიწყო ნეოგენიდან. დაძირვა თანამედროვე ეპოქაშიც გრძელდება. ალაზნის ვაკე მის უდიდეს ნაწილში იდეალური სიბრტყით ხასიათდება, მხოლოდ აქა-იქ არის პატარა სიმაღლის გორაკები, რომლებიც ართულებენ ბრტყელზედაპირიან შეხედულებას.

აღსანიშნავია აგრეთვე ახტალა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 412 მ სიმაღლეზე. მისი სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელიც სამკურნალოდაა გამოყენებული. მის ბაზაზე აშენებულია კურორტი ახტალა.

Siga wylebi

მუნიციპალიტეტის ჰიდროგრაფიული ქსელი არც თუ ისე მჭიდროა. ტერიტორია ძირითადად დასერილია ვიწრო და მშრალი ხევ-ხეობების ქსელით. უმეტესი ნაწილი უწყლო და მშრალია. მთავარი სამდინარო არტერიაა მდინარე ალაზანი და მისი მცირეწყლიანი მოკლე შენაკადები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის უმთავრესი შენაკადებია ჭერმისხევი, შენაკად ფაფრისხევით, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა, მღვრიე ხევი. მათგან ყველაზე დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობისაა მდინარე ჭერმისხევი, რომელიც სათავეს იღებს გომბორის ქედის საშუალომთიან ზონაში ზღვის დონიდან 1118 მ-ზე. სოფელ ჭერმამდე მდინარეს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება, მის შემდეგ კი დინება საკმაოდ ცვალებადია. ალაზნის ველზე გამოსვლისას მისი მცირე მონაკვეთი იტოტება კიდეც. ჭერმისხევის მთლიანი სიგრძეა 35 კმ, აუზის ფართობი კი 155 კმ². იგი იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯია 1,8 მ³/წმ.

ჭერმისხევის მთავარი შენაკადია მდინარე ფაფრისხევი (სიგრძე 22 კმ), რომელიც თავის მხრივ იწყება გომბორის ქედის დაბალმთიან ზონაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ასევე მდინარე ლაკბე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ივრის მარცხენა შენაკადს. ლაკბე სათავეს იღებს გომბორის ქედზე. სიგრძე 32 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა. მთავარი შენაკადებია: კარათხევი, ჯიმითისწყალი (მარჯვენა), მყრალი ოლე (მარცხენა).

hava

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აქ კარგად გამოსახული ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზე იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და საკმაოდ ცხელი ზაფხულით.

ზღვის დონიდან 420 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.4 °C, იანვრის 0.9 °C, აგვისტოს 23.6 °C. ნალექები 800 მმ-მდე, საერთოდ ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 800 მმ ნალექი იცის. მხოლოდ ზეგნისკენ კლებულობს ნალექი 500-600 მმ-მდე.

აქაური კლიმატისთვის ნიშანდობლივია ასევე საკმაოდ ძლიერი თავსხმა წვიმები.

niadagebi

გამოზიდვის კონუსებსა და გომბორის ქედის კალთებზე განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზემი ნაწილებში კი გაბატონებულია საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები. გარე კახეთის ზეგანზე გვხვდება მცირე და საშუალო სისქის შავმიწები. ალაზნის ვაკეზე კი გაბატონებულია ალუვიური უკარბონატო ნიადაგები.

landSaftebi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ალუვიური ნიადაგები, ჭალის ტყის მცენარეულობით,
  2. ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები, მდელო სტეპის მცენარეულობით,
  3. შავმიწისებურ დამლაშებული ნიადაგები, კრინოჰალოფილური მცენარეულობით,
  4. შავმიწა ნიადაგები, უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი ატეპური მცენარეულობით,
  5. ტყის ყავისფერი ნიადაგები, დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარით.

fauna

აქაურ მიწაზე საკმაო რაოდენობითაა ფაუნის წარმოდგენლები. მ.შ. გვხვდება მგელი, კურდღელი, ტურა, მაჩვი, დედოფალა; ტყეებში გვხვდება მურა დათვი, შველი, გარეული ღორი. მღრღნელებიდან არის მემინდვრია, ტყის თაგვი, ძილგუდა და სხვ. ორნითოფაუნას შეადგენენ მწყერი, ხოხობი, ყვავი, კაკაბი, შაშვი და ა.შ.

ქვეწარმავლებიდან არის ხვლიკი, გველის რამდენიმე სახეობა და კუ.

flora

გომბორის ქედის მთისწინეთზე გაბატონებულია ასკილი, კუნელი, ძეძვი, ჯაგრცხილა და სხვ. დაბალმთიანეთში იზრდება მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი მცენარეულობა.

მდინარე ალაზნის გასწვრივ გავრცელებულია ჭალის ტყის ფრაგმენტები. აღსანიშნავია ისიც რომ ალაზნის მარჯვენა სანაპიროს პირველადი მცენარეული საბურველი, რომელიც ძირითადად ტყით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ალაზნისპირა ნაწილშია შემონახული.

ივრისა ზეგანზე გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური მცენარეულობა.

demografia

2014 წლის მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 54 337 კაცს. სულ 31 დასახლებაა, მათ შორის ერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაა 8024 კაცი, სოფლად კი 46 313 კაცი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 64,23 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ,კმ) ოდნავ ჩამოუვარდება. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროებია: საბიუჯეტო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის გადამუშავება და მცირე ბიზნესი.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 78 442
2002 72 084
2014 54 337
2021 51 800

ekonomika

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მევენახეობა და მეცხოველეობა. ვაზის კულტურას უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 20 %. მრეწველობის მთავარი დარგია მეღვინეობა, რაიონში რამდენიმე ღვინის და სპირტის ქარხანაა, ასევე სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

ganaTleba

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არის 25 საჯარო სკოლა და 37 საბავშვო ბაღი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არის 13 ბიბლიოთეკა, მათ შორისაა ქ. გურჯაანში განთავსებული შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს ღვინის ბიბლიოთეკა.

kultura

სოფელ კარდენახში ფუნქციონირებს ცნობილი ქართველი პოეტის, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1986 წელს.

სოფელ გურჯაანში 1981 წლიდან გახსნილია ცნობილი ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. 2008 წლიდან შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

ვაჩნაძიანში ასევე მდებარეობს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი გახსნილია 1966 წელს და განთავსებულია თავად ლევან ჯანდიერის საცხოვრებელ სახლში, რომელიც აგებულია 1889 წელს.

ქალაქ გურჯაანში მდებარეობს დიდების მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს და ეძღვნება II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მუზეუმის ტერიტორიაზე არის ამფითეატრი, დგას „ჯარისკაცის მამის“ სპილენძის მონუმენტი, რომელიც 80 ტონას იწონის და 20 მეტრი სიმაღლისაა. ნაშენებია შინმოუსვლელთა კედელი, სადაც ამოტვიფრულია დაღუპულ მეომართა გვარები.

სოფელ ვეჯინში გახსნილია ცნობილი ქართველი აკადემიკოსის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი.

ქალაქ გურჯაანში 1987 წლიდან არსებობს და ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი. თავდაპირველად, თეატრი ფუნქციონირებდა როგორც კულტურის სახლთან არსებული თოჯინების სახალხო თეატრი, ახლა მას სახელმწიფო თეატრის სტატუსი აქვს.

სოფელ ველისციხეში 1885 წლიდან ფუნქციონირებს სახალხო თეატრი. თეატრი ვასო გოძიაშვილის სახელობისაა.

festivalebi da saxalxo dResaswaulebi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
გურჯაანის ღვინის ფესტივალი - ქალაქ გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან იმართება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ გლეხების, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო. ასევე, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი სხვადასხვა კულინარიული ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები. ეწყობა გამოფენა-გაყიდვები. მოწყობილია პავილიონები, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ყურძნის დაწურვისა და თათარის კეთების პროცესს. ფესტივალში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
გურჯაანის ხილის ფესტივალი - ყოველწლიური ფესტივალის მიზანია კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დასაქმებული ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დაეგემოვნებინათ და შეიძინონ ადგილობრივი სეზონური ხილი და მისგან დამზადებული, ნატურალური წვენები, მურაბები, ჩირები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა ნაწარმი.
გურჯაანის ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი - ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით ამზადებენ კერძებს და ატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად იმართება ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

sporti

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება 49 სპორტული წრე. ქალაქ გურჯაანში არის ჭადრაკის კლუბი.

RirSesaniSnaobebi

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილია საკმაოდ ბევრი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია VIII-IX სს ქართული ძეგლი, გურჯაანის ყველაწმინდა, ნაგები რიყის ქვით. მნიშვნელოვანია ასევე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ყველაწმინდის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სოფელ ვაჩნაძიანიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით.

სოფელ ვეჯინთან ახლოს დგას ციხესიმაგრე, რომელიც რიყის ქვითაა აგებული. ციხის შიგნით რამდენიმე ეკლესიაა, რომელთაგან აღსანიშნავია აღდგომის ამაღლებისა და წმინდა მარიამის ეკლესიები.

სოფელ კარდანახში შემონახულია XIII ს. საბაწმინდის ეკლესია, რომელიც საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული. ჭერემთან ახლოს დგას ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი „წვერდაბალი“, აქვეა ნაქალაქარი.

სხვა ისტორიული ძეგლებია: ვაზისუბნის სამნავიანი ბაზილიკა, მონასტერი „სანაგირე“ და ა.შ.

gamoCenili adamianebi

ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
კოტე აფხაზი 1867-1923 ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
ლევან მუღალაშვილი 1875-1955 ქართველი მომღერალი, ლოტბარი
ივანე ბერიტაშვილი 1885-1974 ქართველი აკადემიკოსი, ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში
გრიგოლ ფერაძე 1899-1942 ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, პროფესორი. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა
ნატო ვაჩნაძე 1904-1953 ქართველი კინომსახიობი
იოსებ ნონეშვილი 1918-1980 ქართველი პოეტი
კარლო კობერიძე 1931-2017 ქართველი მწერალი, პოეტი
გივი ბერიკაშვილი 1933-2017 ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი
ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 1936-2011 აშშ-ის არმიის გენერალი
როსტომ საგინაშვილი 1940-2022 ქართველი მომღერალი (ტენორი)
მზია დავითაშვილი 1949 ვოკალისტი მომღერალი, პედაგოგი
რევაზ მინდორაშვილი 1976 ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში
მაკა ფურცელაძე 1988 ქართველი მოჭადრაკე
       

daZmobilebuli qveynebi

 

gurjaanis - soflebi

gurjaanis - foto galerea

რეგიონი კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი გურჯაანი
კოორდინატები 41°44`40″ ჩ. გ. 45°47`39″ ა. გ.
მოსახლეობა 54 337 (2016)
სიმჭიდროვე 64,23 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,45 %
სომხები 0,50 %
ოსები 0,49 %
რუსები 0,26 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,75 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი
+995
ოფიციალური საიტი https://gurjaani.gov.ge/


 

გურჯაანის გერბი გურჯაანის დროშა

 

RirSesaniSnaobebi